რატი ამაღლობელის „ლექსში გადარჩენილი თოვლი“ და სხვა ამბები
რატი, ვინც შენს პოეზიას არ იცნობს, რამდენიმე სიტყვით როგორ დაუხასიათებდი მას?
პოეზია ერთგვარი რეგისტრია. პოეტური შეგრძნებების რეგისტრი, ამის რაციონალიზაციას ხშირად ბანალურობამდე მივყავართ, რაზეა თქვენი სიზმრები რომ გვკითხონ, ალბათ, ვუპასუხებთ, რომ – თითქმის ყველაფერზე და არაფერზე; პასუხიც მგონი ლეგიტიმური იქნება, ასევეა, ალბათ, პოეზიაც.
პოეზიაში „გადავარდნის“ მიზეზები ხშირად ემთხვევა ხოლმე, ნაწილს გარკვეულ ასაკში უყვარდება და წერს და წერს, ნაწილს, ვთქვათ, 40 წლისას რაღაც განსაცდელი ეწვევა და უცებ მოჰკიდებს ხოლმე კალამს ხელს. შენთან რა იყო, რა მოხდა, სად არის რატის და პოეზიის გადაკვეთის წერტილი?
თბილისში თოვლი, როგორც წესი, დიდხანს არ ჩერდება, ვერ ჩერდება. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თოვლი, ის კი ძალიან მალე დნებოდა, გამუდმებით მსურდა მისი შენარჩუნება. ქალაქში მისი უმოწყალო დნობის შემყურეს, რაღაც საშინლად მტკიოდა, ლექსამდეც აქედან მივედი, ვიფიქრე, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ხელოვნების სახით ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბები, მოვლენები, განცდები – გადავარჩინოთ, აღვწეროთ, შევინარჩუნოთ სახელოვნებო ქსოვილში. აი, მაშინ გამიჩნდა ლექსის დაწერის სურვილი, თუმცა ის განცდა დღემდე არ მაქვს ბოლომდე გადმოცემული არცერთ ლექსში.
ბევრი პოეტისგან გამიგია, რომ მას ეს შეფასება – „პოეტი“ ეხამუშება. მე, მაგალითად, მათი მესმის შენ თუ გაქვს, დაგიყვია ასე შენი ცხოვრება კონკრეტულ წერტილებად. მაგალითად, აი, ეს არის „ა“ წერტილი, რომლის შემდეგაც მე ვარ პოეტი რატი ამაღლობელი – გითქვამს?
ნამდვილად პათეტიკურია, მაგრამ ეჩვევი, შინაურ წრეში ახლობლები, მშობლები ერთგვარი ხუმრობით, რასაკვირველია, ბავშვობიდან მეძახდნენ პოეტს, მგოსანს, ეს მათთვისაც და ჩემთვისაც ღიმილის მომგვრელი იყო. მგოსანი მოვიდა, მგოსანს შია, და ა. შ. ეს მსუბუქი ირონია მუდამ ახლდა ჩემს ამ სახელდებას და ამიტომაც ვფიქრობ, რომ გამიმართლა, ეს სახელი ღიმილსა და გარკვეულ სითბოს ერთდროულად აღძრავდა, არა მარტო ჩემში, ალბათ – სხვებშიაც. ეს კი მუდამ მიცავდა პათეტიკისგან. თუმცა, მედიაში რომ ასე მომიხსენიებენ, ძალიან დიდი გაუცხოებაა. ისინი ამ დროს არ ხუმრობენ. ხომ გესმით.
ახლა წლების შემდეგ შენი დებიუტიდან შეგიძლია თუ არა თქვა, რომ არის თემები, რომლებიც განსაკუთრებულად გიზიდავს შენ, როგორც პოეტს?
კი. სადღაც ხედვის კუთხე ფართოვდება, სადღაც, პირიქით, მაქსიმალურად ვიწროვდება, ეს თანმდევი პროცესია. ხშირად ამ უკიდურესი დავიწროების გარეშე პოეზია აბსტრაქტული და ბრტყელია. ახლა, 3-4 წელია, მარტო ერთ ციკლს ვწერ, ერთ თემაზე, მხოლოდ მას ვუტრიალებ, იმედია, ის ოდესმე წიგნიც გახდება სათაურით „ანგელარიუმი“. სახელიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მიხვდებით, რომ ამ წიგნში ანგელოსების გარდა ვერავინ მოხვდება. ვხუმრობ, მაგრამ დაახლოებით ასეა.
როგორ გგონია, პოეზია შეიძლება იყოს აკვიატებული იდეა?
ის შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი.
შენ ხშირად ჩნდებოდი სატელევიზიო თოქშოუებში, გამოხატავდი პოზიციას პოლიტიკური მოვლენების მიმართ და მედია ყოველთვის წარგადგენდა პოეტად. როგორ ფიქრობ – შენთვის რამდენად კომფორტულია ეს ერთგვარი საზოგადო მოღვაწეობაც და პოეტობაც, თუ გავითვალისწინებთ ერთ მოსაზრებას, რომ პოეტი დამოუკიდებლად უნდა იდგეს და არ ერეოდეს, მაგალითად, პოლიტიკურ პროცესებში?
მე ვფიქრობ, რომ ეს საბჭოთა ინტელექტუალური მოდელია, როდესაც კარგი პოეტი მთაწმინდაზეა, ან გალოთებულია, ასოციალურია, ანუ მკვდარია სოციალურად. ცუდები კი თამადები და „შავი ვოლგის“ ბინადარნი არიან. ეს, მართლაც, ასე იყო. დღეს კი მგონია, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს. საკუთარი დეკადანსით ტკბობა არ კმარა. მე მართლა მომწონს, რომ თქვენ ამავე დროს მედიაში ხართ, ჟურნალისტი ხართ, ამ სივრცეშიც ქმნით.
რაც არ უნდა მოვიტყუოთ თავი, მაინც ვერ გავექცევით იმ რეალობას, რომ ხელოვნება და განსაკუთრებით პოეზია ყველა ეპოქაში და განსაკუთრებით დღეს პოლიტიკურია. მას აუცილებლად აქვს ეს პლასტი, ჰომეროსიდან დაწყებული ბროდსკით დამთავრებული. ჩვენი ასოციალური დამოკიდებულება ხელოვნებისადმი მრავალწილად სტალინის დამსახურებაა. მან თქვა, დაანებეთ სოციალურ და პოლიტიკურ შეხედულებებს თავი, არ გქონდეთ ასეთი მცდელობები, თორემ შეწყვეტთ არსებობას, როგორც ასობით მნიშვნელოვანმა არტისტმა შეწყვიტა (აღარ ჩამოვთვლი, რამდენი სოციალური და გამართული სამოქალაქო ღირებულებების მქონე ხელოვანი დახვრიტა ამ „ულვაშამ“), ან იყავით, გალაკტიონივით და პასტერნაკივით „ნებოჟიტელი“ (ეს სხვათა შორის სტალინის ტერმინია, ასე ეძახდა პასტერნაკს), ან შეასრულეთ პარტიის დავალება და იდეოლოგიურად მოემსახურეთ მას, ეს კი არც პოლიტიკაა და არც ხელოვნება, დამეთანხმებით, ავტორიტარიზმს განსაკუთრებით უყვარს აპოლიტიკური „ნებოჟიტელები“, რაც ამგვარი ხელოვანების მნიშვნელობას სრულიად არ აკნინებს, ეს მათი იძულებითი ემიგრაცია იყო სოციალური და პოლიტიკური სივრციდან. ამიტომ მგონია, რომ ეს სტალინის დროიდან გადმყოლილი თავდაცვაა ხელოვანის, როდესაც აცხადებს, რომ ის აპოლიტიკურია. აპოლიტიკურობა რეალურად შეუძლებელია. ეს ვეგეტატიურს, მცენარეულს ხდის ადამიანს, განსაკუთრებით პოეტს.
შენ დაწერე „დეპუტატის აღსარება“ – ლექსი-ფელეტონი, რომელმაც